როგორ იქმნება რეგიონში პირველი აუთლეტ ვილიჯი? ინოვაციური პროექტის არქიტექტურა კულისებს მიღმა

თბილისი აუტლეტ ვილიჯის მთავარ არქიტექტორ დოდოშკა ჩუბინიძესთან საუბრისას მალევე აშკარა გახდა, თუ როგორი თავმდაბალია იგი - განსაკუთრებით არქიტექტორისთვის, ვინც გაუძღვა რეგიონში არსებულ ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ და ინოვაციურ პროექტს. თბილისის სამხატვრო აკადემიის 2003 წელს დამთავრების შემდეგ, იგი 20 წელია ამ სფეროში მოღვაწეობს მაგრამ თავის მიღწევებზე მოკრძალებით საუბრობს.

თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დოდოშკა არ არის მზად ენთუზიაზმით ისაუბროს ახალ პროქტზე. აშკარაა, რომ იგი ამაყობს იმ შედეგით რაც მან და მისმა გუნდმა მიაღწიეს.

პირველ რიგში მოდით განვიხილოთ აუტლეტ ვილიჯის კონცეფცია. რა განსხვავებაა მომხმარებლისთვის აუთლეტ ვილიჯის დაგეგმარებასა და ტიპური მოლის დაგეგმარებას შორის?

განსხვავებით ტრადიციული მოლებისგან, რომლებიც წარმოდგენილია საქართველოსა და ზოგადად კავკასიის რეგიონში, აუტლეტ ვილიჯის კონცეფცია საჭიროებს განსაკუთრებულ არქიტექტურულ მიდგომას. იგი არ წარმოადგენს ერთიან, დახურულ სივრცეს - პირიქით, მისი დაგეგმარება მრავალი პატარ-პატარა შენობის მართლაც დასახლებასავით (village - სოფელი, დასახლება) გაშლას გულისხმობს. აუტლეტ ვილიჯის მიზანია, რომ ადამიანმა თავი იგრძნოს დინამიურ, ცოცხალ გარემოში.

საიდან დაიწყო ამ პროექტის არქიტექტურის ფორმირება?

ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ პროექტი მსოფლიოში აღიარებული აუთლეტ ვილიჯების სტანდარტებთან მაქსიმალურ შესაბამისობაში ყოფილიყო. აქედან გამომდინარე მოვიწვიეთ ესპანური არქიტექტურული კომპანია L35, მათი ამ ნიშაში მუშაობის დიდი გამოცდილებიდან გამომდინარე. L35-ის შექმნილია, მაგალითად, მადრიდში მდებარე Las Rozas Village და ბარსელონას La Roca Village პროექტები. როდესაც დაგეგმარების პირველი ორი ეტაპი დასრულებული იყო, ამ არქიტექტურული პროექტის გადაბარება და მის შემდეგ კურირება მე მხვდა წილად.

რაიმე ცვლილებები ხომ არ შეგიტანიათ თავდაპირველ კონცეფციაში?

რა თქმა უნდა, ეს ამ პროცესის გარდაუვალი ნაწილია. მაგალითად, L35 მიერ შემუშავებულ კონცეფციაში პალიტრაში ჭარბობდა ყვითელი და ნარინჯისფერი ტონალობები. მაგრამ ჩემთვის თბილისი, ბევრი სხვა ქალაქისგან განსხვავებით, ძალიან რთულია ერთი ფერით დაახასიათო - მისი მრავალფეროვნება ზუსტადაც მისი იდენტობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. აქედან გამომდინარე საბოლოო ვერსიაში პასტელური პალიტრა გამოვიყვანე. 

"აუტლეტი კომფორტის ზონაში ყოფნისა და პატარა აღმოჩენების პარადოქსული მიქსია."

რა უნიკალური თვისებები ახასიათებს თბილისი აუტლეტ ვილიჯს სტანდარტული მოდელისგან განსხვავებით?

მიუხედავათ იმისა, რომ ძირითადად აუტლეტ ვილიჯის სტანდარტულ დაგეგმარებას მივყვებოდით, გვინდოდა გამოცდილ მოდელზე ისეთი რაღაც მოგვერგო, რაც სხვაგან ვერსად მოიძებნება - და ეს არის ქართული მემკვიდრეობის გავლენა. ამიტომაც, თითოეული შენობის დათვალიერებისას, თქვენ შეამჩნევთ თბილისის იერსახეს, განსაკუთრებით კი ძველი თბილისის ფერად ვიტრაჟიან და ჭედურ აივნიან პატარა შენობებს,  ვიწრო ქუჩებსა და რომანტიკულ ლამპიონებს, რომლებიც ნოსტალგიურ ემოციას აღვივებენ ადამიანში. ზოგიერთი შენობა კი კონტრასტულად თანამედროვე ელემენტებით არის წარმოდგენილი და ქალაქის ეკლეკტიკურ ბუნებას ასახავს.

შენობის ფუნქციონალურობას გავლენა თუ ჰქონდა მის ფორმაზე?

რა თქმა უნდა - შენობამ პირველ რიგში თავისი ფუნქცია უნდა შეასრულოს, იმიტომ რომ სხვა ხელოვნების დარგების უმეტესობისგან განსხვავებით, არქიტექტურა ადამიანთან ყველაზე პირად შეხებას გულისხმობს. გადაწყვეტილებების ძირითადი ნაწილი customer experience-ს გაუმჯობესებაზე იყო მიმართული. მაგალითად, ჩვენ ერთი ძირითადი შესასვლელის მაგივრად სამი შესასვლელი დავაპროექტეთ. ამ გადაწყვეტილების მეშვეობით ჩვენ გვინდოდა ადამიანების ნაკადი გადაგვენაწილებინა ისე, რომ ყველასთვის კომპოფრტული ყოფილიყო აუტლეტის ტერიტორიაზე გადაადგილება, მაგრამ ასევე იმისთვისაც, რომ სტუმრებმა შეძლონ საყვარელ მაღაზიამდე მისასვლელი გრძელი გზა აირიდონ.

კულტურული გავლენის გარდა, ჰქონდა თუ არა ადგილმდებარეობას რაიმე ინსპირაციული გავლენა დაგეგმარების ან მშენებლობის პროცესზე?

კი და არა. სივრცე არჩეული იყო კვლავ აუტლეტ ვილიჯის კონცეფციაზე დაყრდნობით, რამაც ქალაქგარეთა სივრცის არჩევა განაპირობა. ამავდროულად, მნიშვნელოვანი იყო, რომ აუტლეტ ვილიჯი მარტივად მისადგომი ყოფილიყო, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ტურისტებისთვისაც. მაგალითად, ჩვენ სამიდან ერთ-ერთი შემოსასვლელი ზუსტად იმ სტუმრებისთვის გამოვყავით, ვინც აუტლეტ ვილიჯში სპეციალურად დანიშნული ავტობუსით მოვლენ.

როგორც ცნობილია თითოეული ბრენდისთვის პირადი სივრცე იქნება გამოყოფილი - რამდენად არის ეს გათვალისწინებული არქიტექტურაში?

უფრო მეტად ინტერიერში. აუტლეტ ვილიჯებში არსებული საერთაშორისო სტანდარტებიდან გამომდინარე, ყველა შენობის ფასადი ერთიან კონცეფციაში უნდა ჯდებოდეს. ბრენდის იდენტობის უმეტესობა კი ჩვენს ტენანტებთან ერთად ინტერიერში შეგვიძლია შევიმუშავოთ. კონკრეტული ფერთა პალიტრა იქნება ეს თუ მასალაები, ჩვენ სიამოვნებით გავუკეთებს რეალიზებას.

"არქიტექტურა ადამიანის ემოციურ ფონს განაპირობებს."

 ადამიანებზე რა ტიპის ემოციური გავლენა გინდოდათ მოგეხდინათ თქვენი პროექტით?

მე გულრწფელად მჯერა, რომ არქიტექტურას აქვს იმის ძალა, რომ ადამიანის ემოციური ფონი განაპირობოს. ამიტომაც გადავწყვიტეთ თბილისი აუტლეტ ვილიჯის კონცეფციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი მოულოდნელობა ყოფილიყო. მისი დაგეგმარებაც კომფორტის ზონაში ყოფნისა და პატარ-პატარა სიურპრიზებით აღსავსე სასიამოვნო პარადოქსს გამოხატავს. თბილისელებისთვისაც კი თითოეული შენობის დათვალიერებისას მოიძებნება ისეთი ელემენტები, რომლებიც ადამიანის თვალში სივრცეც როგორც ნაცნობად, ასევე სრულიად ახლად წარმოაჩენს. ეს სასიამოვნო ემოციური განცდა არის ის, რითიც მინდოდა სტუმრებს დაემახსოვრებინათ თბილისი აუტლეტ ვილიჯი.

მშენებლობის საბოლოო ეტაპზე ყოფნა რა ემოციას იწვევს თქვენში?

ჩვენ მართლაც მივუახლოვდით პროექტის დასასრულს და სულ რამდენიმე პატარა შტრიხის შეტანაღა დაგვრჩა. ამ პროცესში მონაწილეობის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ნაწილი სხვა ნიჭიერ ადამიანებთან ერთად მასშტაბურ პროექტზე მუშაობაა, როგორც კონსტრუქტორთან და ინჟინერთან, ასევე ლანდშაფტთის დიზაინერთან და დეველოპერთან. გრძელი გზის და ბევრი სირთულეს გავლა მოგვიწია, მაგრამ არაფერია იმაზე სასიამოვნო რომ შენი იდეები რეალიზებული იხილო. ძალაინ ვამაყობ იმით, რასაც მივაღწიეთ და ერთი სული მაქვს ეს სივრცე ცოცხალი ფუსფუსით სავსე დავინახო, როგორც იყო გათვლილი.