როგორ შეარჩიო ხარისხიანი ჯინსი, რომელიც წლების განმავლობაში გაგიძლებს და სად იყიდო ის თბილისში?

31 Aug 2026
2
min read

ყველა ჯინსი ერთნაირი გამძლეობით არ გამოირჩევა. ზოგი წლების შემდეგაც ინარჩუნებს ფორმასა და ფერს, ზოგი კი რამდენიმე გარეცხვის შემდეგ იწელება, ხუნდება ან ცვდება. განსხვავებას ქსოვილის სიმკვრივე და შემადგენლობა, ნაკერების ხარისხი, ლითონის დეტალების გამძლეობა და შეღებვის მეთოდი განაპირობებს. 

ამ ნიშნებზე დაკვირვებით ხარისხიანი ჯინსის ამოცნობა უფრო ადვილია. სასურველი მოდელის შერჩევა კი „თბილისი აუთლეტ ვილიჯში“ შეგიძლია, სადაც Levi’s, Lee, Wrangler და სხვა ცნობილი ბრენდების ორიგინალი კოლექციები აუთლეტურ ფასად არის ხელმისაწვდომი. 

მიაქციე ყურადღება ჯინსის სისქეს 

ჯინსის ქსოვილის სიმკვრივესა და გამძლეობაზე მისი წონაც მიანიშნებს. ეს მაჩვენებელი ერთ კვადრატულ იარდზე უნციებით იზომება და oz აღნიშვნით გამოისახება. რაც უფრო მეტია ქსოვილის წონა, მით უფრო სქელი და გამძლეა ჯინსი. 

  • 10-დან 12 უნციამდე: ასეთი ჯინსი შედარებით მსუბუქია და თბილ ამინდში სატარებლად მოსახერხებელია. თუმცა ხშირი ხახუნისას ქსოვილი სწრაფად ცვდება;
  • 12-დან 14 უნციამდე: ეს სისქე ხშირი გამოყენებისთვის კარგი არჩევანია. ქსოვილი არც ზედმეტად მძიმეა და არც ძალიან თხელი, ამიტომ კომფორტულიცაა და გამძლეც; 
  • 14 უნციაზე მეტი: ასეთი ჯინსი თავდაპირველად საკმაოდ ხისტია და სხეულზე მოსარგებად გარკვეული დრო სჭირდება. სამაგიეროდ, ქსოვილი დიდხანს ძლებს, ხანგრძლივი მოხმარების შემდეგ კი ძალიან ლამაზ, ბუნებრივ ფორმას იღებს.

წამყვანი ბრენდები ქსოვილის შერჩევას განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებიან. მაგალითად, Levi’s 501-ის პრემიუმ მოდელებში 13.75-დან 14.5 უნციამდე წონის ქსოვილია გამოყენებული, რომელიც იმგვარად არის დამუშავებული, რომ სიმკვრივის მიუხედავად ელასტიკური და კომფორტულია.

შეამოწმე ქსოვილის შემადგენლობა 

ჯინსის შერჩევისას ქსოვილის სისქესთან ერთად მის შემადგენლობასაც უნდა მიაქციო ყურადღება. 98% ბამბისა და 2% ელასტანის ნაზავი კარგად დაბალანსებული ვარიანტია. ასეთი ქსოვილისგან შეკერილი ჯინსი ელასტიკურია, ფორმას დიდხანს ინარჩუნებს და მოძრაობისასაც მოსახერხებელია. 

თუ ქსოვილში სინთეტიკური ბოჭკოების წილი მაღალია, შარვალმა შესაძლოა მალე დაკარგოს ფორმა, გაიწელოს და მუხლებთან გამოიბეროს. 

ქსოვილის ხარისხის შესამოწმებლად შარვალს სინათლეზე გახედე. თუ შუქი ნაჭერში ადვილად ატანს და ქსოვილი თითქმის გამჭვირვალეა, მასალა ზედმეტად თხელია და ის მალე გაცვდება.

ყურადღებით შეამოწმე ნაკერების ხარისხი 

ნაკერების ხარისხზეა დამოკიდებული, რამდენად კარგად გაუძლებს ჯინსი ხშირ გამოყენებას. განსაკუთრებული ყურადღება იმ ადგილებს უნდა მიექცეს, სადაც ქსოვილი ყველაზე მეტად იჭიმება და ცვდება. 

შეძენამდე შეამოწმე ჯიბეების კიდეები, შარვლის ტოტების შიდა მხარე და წელის არე. ამ მონაკვეთებში სასურველია ორმაგი ან დალიანდაგებული ნაკერი იყოს, რადგან ასეთი დამუშავება ქსოვილს გახევისა და ცვეთისგან უკეთ იცავს. 

ცნობილი ბრენდები ჯინსის შესაკერად სხვადასხვა ტექნიკას იყენებენ. მაგალითად, Wrangler ხშირად იყენებს დახურულ გარე ნაკერს, ე.წ. felled outseam-ს. ასეთი ნაკერი ორმაგი ნემსით სრულდება და ხახუნს კარგად უძლებს. 

ნაკერების სიმტკიცის შემოწმება მარტივად შეიძლება. ხელით მსუბუქად დაჭიმე ჯიბის კუთხეები და დააკვირდი ძაფებს. თუ ისინი მალევე გამოჩნდა, მოეშვა ან ძაფებს შორის სივრცე გაჩნდა, ნაკერი სუსტია და შესაძლოა მალე დაზიანდეს. 

შეაფასე ლითონის დეტალებისა და ელვაშესაკრავის ხარისხი 

ჯინსის ხარისხზე წარმოდგენას ლითონის დეტალებიც შეგიქმნის. პირველ რიგში, დააკვირდი ჯიბეების კუთხეებში დამაგრებულ მცირე მოქლონებს. ისინი ქსოვილს ამაგრებს და დატვირთულ ადგილებს გახევისგან იცავს. ხარისხიან ჯინსზე მოქლონები მყარად არის დამაგრებული, შეხებისას არ მოძრაობს და დროთა განმავლობაში ფერს არ კარგავს. 

შემდეგ ელვაშესაკრავი შეამოწმე. ის მარტივად უნდა იხსნებოდეს და იკეტებოდეს, მოძრაობისას კი არ უნდა იჭედებოდეს. ცნობილი ბრენდები ხშირად YKK-ის ან Riri-ის ელვაშესაკრავებს იყენებენ. მწარმოებლის დასახელება, როგორც წესი, თავად მექანიზმზეა ამოტვიფრული. 

ჩაატარე ფერისა და საღებავის მდგრადობის ტესტი 

ჯინსის შარვალი დროთა განმავლობაში ფერს აუცილებლად იცვლის – ზოგიერთი მათგანი ლამაზი, კონტრასტული ფერის ხდება, ზოგი კი უბრალოდ უფერულდება და ხუნდება. ამის მიზეზი შეღებვის ხარისხია.

საღებავის მდგრადობის შესამოწმებლად ჯინსის შიდა მხარეს თეთრი ხელსახოცი მსუბუქად გაუსვი. თუ ხელსახოცზე საღებავის კვალი დარჩა, ქსოვილმა შესაძლოა ფერი სხვა ტანსაცმელსა და ნივთებზეც გადაიტანოს.

ასევე დააკვირდი ქსოვილის ტონალობას. ფერი მთელ ზედაპირზე თანაბრად უნდა ნაწილდებოდეს, თუ განსხვავებული ელფერი დიზაინის ნაწილი არ არის.

სად შეიძენ ხარისხიან ჯინსს თბილისში აუთლეტურ ფასად?

ბლოგში განხილული დეტალები ჯინსის ხარისხის შეფასებაში დაგეხმარება, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია, სად ყიდულობ მას. ოფიციალურ მაღაზიებში ბრენდის ორიგინალი კოლექციები იყიდება, ამიტომ პროდუქტის წარმომავლობის, ქსოვილის შემადგენლობისა და სხვა მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია სანდოა. 

„თბილისი აუთლეტ ვილიჯში“ ისეთი ცნობილი ბრენდების მაღაზიებია, რომელთა კოლექციებშიც ხარისხიანი და თანამედროვე დიზაინის ჯინსებია წარმოდგენილი. მათ შორისაა Levi’s, Lee, Wrangler, Calvin Klein, Tommy Hilfiger, Guess და Jack & Jones. 

მაღაზიებში წინა სეზონების ორიგინალი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები იყიდება. სასურველი ნივთის შეძენა მუდმივად, სულ მცირე, 30%-იანი ფასდაკლებით არის შესაძლებელი, სპეციალური შეთავაზებების დროს კი ფასდაკლება შესაძლოა 70%-მდე გაიზარდოს. 

ჯინსის ბრენდებთან ერთად, „თბილისი აუთლეტ ვილიჯის“ ტერიტორიაზე ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების 40-ზე მეტი მაღაზიაა. გაითვალისწინე ბლოგში მოცემული რჩევები, შეარჩიე სასურველი ჯინსი და ისარგებლე აუთლეტური ფასებით კავკასიის პირველ აუთლეტში.

მსგავსი სტატიები